ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ მომდევნო კვირებში დონეცკის ოლქში რუსული თავდასხმები უფრო გააქტიურდება.
ISW-ის ცნობით, პუტინმა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს, სერგეი სოროვიკინს ხერსონიდან ჯარების გაყვანის ნება, სავარაუდოდ, იმ პირობით დართო, რომ დონეცკის ოლქის დანარჩენ ნაწილებს დაიკავებს და ამისთვის დასავლეთ ხერსონიდან დაბრუნებულ რუსულ ძალებსა და ახლად ჩასულ მობილიზებულ სამხედროებს გამოიყენებს.
ამერიკელი ექსპერტები უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარის, ანდრეი ზაგოროდნიუკის მიერ შემოთავაზებულ დაკვირვებას ეყრდნობიან და ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე სავარაუდო ახსნა, რატომაც გააძლიერეს რუსებმა შეტევითი ოპერაციები ჯერ ბახმუტის და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით, ვუჰლედარის ტერიტორიის გარშემო. ექსპერტების თქმით, სხვა შემთხვევაში ამ შეტევების ძალისხმევა აზრსმოკლებულია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევები მომდევნო კვირებში გაძლიერდება, რადგან ადგილზე დასავლეთ ხერსონიდან გაყვანილ ჯარებთან ერთად მობილიზებული სამხედროები ჩავლენ. მათივე თქმით, რუსეთის მხრიდან განახლებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად, კიევს დიდი ალბათობით, ჯარების ამ მიმართულებით გადამისამართება მოუწევს.
ISW-ის თანახმად, განახლებული ძალისხმევის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, თუმცა დასაშვებია, რომ რაღაც დროის შემდეგ უზარმაზარი დანაკარგების ხარჯზე ბახმუტი დაიკავონ. ექსპერტები საუბრობენ მობილიზებული სამხედროების ცუდ მომზადებაზე და მიუთითებენ, რომ მათ არ აქვთ ბრძოლის ხალისი.
ISW-ის ცნობით, დონეცკის ოლქში რუსული ჯარები მოიცავს რუსული არმიის დანაყოფებს, მობილიზებულ სამხედროებს, ვაგნერის ჯარების, მოხალისეთა რეზერვებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებს, კადიროვის ჩეჩნური დანაყოფის სამხედროებსა და მოხალისეთა ბატალიონებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ საბრძოლო ძალების ამ უცნაურ ნაკრებს ექნება გაცილებით ნაკლები ეფექტური საბრძოლო ძალა, ვიდრე მსგავსი ზომის რეგულარული დანაყოფების დაჯგუფებას.
"უკიდურესად საეჭვოა, რომ სუროვიკინმა შეძლოს მათი გადაქცევა ძალად, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევითი მექანიზებული მანევრული ომი", - აღნიშნავენ ექსპერტები.
ISW წერს, რომ, ეს უცნაური ნაზავი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე წარმატებას მიაღწევს, თუმცა უკრაინული ძალები, დიდი ალბათობით, მათ მომდევნო რამდენიმე თვეში დაწყების ადგილიდან არცთუ ისე შორს შეაჩერებენ.