ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის ემხრობა შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას და აღნიშნა, რომ პარტიის თავჯდომარეობის ნებისმიერ კანდიდატთან მას სამი მთავარი კითხვა ექნება.
დეკანოიძის სამი კითხვა ეხება პარტიის გაძლიერების სტრატეგიას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქართული ოცნების დამარცხების გეგმას.
"მე, პირადად, ერთი ადამიანი, რომელსაც პარტიის გაძლიერება მინდა, რადგან მთავარ იარაღად მესახება, სულ რამდენიმე შეკითხვა მექნება იმ კანდიდატთან, რომელსაც ექნება თავისი პლატფორმა წარმოდგენილი თავჯდომარეობის პოსტზე. 1) რა იქნება კანდიდატის უახლოესი სტრატეგია პარტიის გაძლიერების კუთხით, ანუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პარტიის განვითარება, რეგიონალური ორგანიზაციების განვითარება. როგორი უნდა იყოს თვითონ პარტიის სტრატეგია, უნდა იყოს ორიენტირებული ვადამდელ არჩევნებზე, ან 2024 წლის არჩევნებზე? 2) რა გაუკეთებია კანდიდატს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ტრანსფერისთვის, როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტექსტში? 3) როგორ წარმოუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, ქართული ოცნების დამარცხება?". – თქვა დეკანოიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, 9 ნოემბერს ისაუბრა.
მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.