„ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი, ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ თემაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება პოლიტიკურია და მოკლებულია ფაქტებსა და არგუმენტაციას:
„პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის მოტანა, ფაქტების მოყვანა. სხვა შემთხვევაში საუბარი მოკლებული იქნება საფუძველს, თუ კი არ გვექნება კონკრეტული ფაქტები. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ბევრი რამ შეიძლება ითქვას როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას“.