იუსტიციის მინისტრმა მედიის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი შესაბამისი დასკვნის გარეშე არის სპეკულაცია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა არავის უნახავს; ეს დასკვნა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც იარსებებს დასკვნა, მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამება სასჯელის მოხდის მიზნებს და შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ“, − განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, სააკაშვილის უფლებები არის დაცული და ის, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, სარგებლობს ჯანდაცვის სერვისებით.
„ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის იმყოფება შესაბამის კლინიკაშიც“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.