"2010 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი იყო, სააკაშვილმა კი გარდატეხა თავის რეიტინგში შეიტანა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" მიმდინარე წლის პოლიტიკური შედეგების შეფასებისას განუცხადა.
"სამი კრიზისული ფაქტით დაიწყო საქართველოსთვის 2010 წელი. კერძოდ, 2008 წლის ომში მარცხით, 2009 წლის უზარმაზარი დემონსტრაციებით და აღნიშნულის გამო დასავლეთის ძველი პარტნიორების ცივი ურთიერთობით (ლაპარაკი იყო იმაზედაც, რომ საქართველო იზოლაციაში ექცეოდა სააკაშვილის იზოლაციის გამო). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ წელში შეუძლებელი იყო, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა ნამდვილად მოხდა - შეიცვალა სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც, შეიძლება ისეთი მაინც არაა, როგორიც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე ტრიბუნა მაინც დაეთმო", - განმარტა საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, 2010-ში გარდატეხა მოხდა შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შემცირებულია.
"შიდაპოლიტიკური კლიმატიც ისე ჩამოყალიბდა, რომ საპროტესტო განწყობა (რომელიც ვერ ვიტყვი რომ არ არის) არ უბიძგებს მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ. ამის მიზეზი ისაა, რომ იკლო ოპოზიციის მიმართ რწმენამ. რწმენამ იმისა, რომ ის მოახერხებს სააკაშვილის დამარცხებას", - დასძენს პოლიტოლოგი.
საყვარელიძე განმარტავს, რომ ქართულ საზოგადოებაში სააკაშვილმა "დაუმარცხებლის იმიჯი" შეიქმნა და ამას პოლიტიკური თამაშის პასიურ სტილზე გადასვლით (ძალის მიერი მეთოდების გამოყენებაზე უარი თქვა და უფრო ლმობიერი გახდა) მიაღწია".
"ერთი სიტყვით, 2010 წელი ოპოზიციისთვის უფრო რთული იყო. მან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შთამბეჭდავი შედეგი ვერ აჩვენა. ამას ემატება ისიც, რომ ამ ეტაპზე, შთამბეჭდავ შედეგს მოსახლეობაზე ვერც აქციის გზა ახდენს. ასე რომ, ოპოზიციის მოღვაწეობის ეს ორი ინსტრუმენტი დღეისთვის საკმაოდ ბლაგვად გამოიყურება", - განუცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნისთვის 2010 წლის შედეგებზე კომენტირებისას.