იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებულ კომპენსაციაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ბექა ძამაშვილი განმარტავს, კომპენსაცია დაკისრებულია არა მორალური ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების. მისივე თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. ერთი არის, როდესაც მომჩივანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური. კონკრეტულად ზიანის ნაწილში მომჩივანი ითხოვდა დაახლოებით 450 ათასი ლარის ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და 150 ათასი ევროს ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამ ნაწილში სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს. ანუ, საერთოდ არაფერს გადაიხდის.
მეორე მხარე არის, როდესაც სტრასბურგში საქმის წარმოება უწევს ადამიანს, იქ მას გარკვეული ხარჯები აქვს – იურიდიული მომსახურების ხარჯები თუ სხვა. სწორედ ამ ნაწილში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9 400 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ხარჯები. არა ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების. ეს ხარჯები იქნება იგივე ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველასთვის გასაგები რომ იყოს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ის პროცედურული დარღვევები, ის მცირედი, არ ყოფილა ისეთი არსებითი ხასიათის, რომ ზიანის ანაზღაურების სახით რაიმე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომჩივნის მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამიტომაც არ ჩათვალა საჭიროდ სასამართლომ, რომ მომჩივანს რაიმე განსაკუთრებული მორალური ზიანი მიადგა ამის გამო“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.