სამი პოლიტიკური ლიდერი რომ ერთმანეთთან გაერთიანდა, ან ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, გაერთიანდა თუ არა, ამან რატომ უნდა აგავსოს მოლოდინებით, არ მესმის, – ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ გამოიწვია სკეპტიციზმი ოპოზიციის ახალი გაერთიანების იდეამ.
„რამე ახალი იდეა ხომ არ თქმულა ისეთი, რომელზედაც თუნდაც, ვინმე შეთანხმდა და გადაწყვიტა, ახლა, ხალხო, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ იდეით ვმოძრაობთ და ჩვენთან თუ გინდათ ურთიერთობა, ჩვენ ამ ჩვენი იდეების დაცვით ვიურთიერთებთ ყველასთანო? ასეთი რამ არ თქმულა და მგონი, ამ ხალხს ყველა იცნობდა; ახალი არავინ შემოსულა, ცალ-ცალკე დიდი მოლოდინები ამ ხალხის მიმართ არ არსებობდა და მათ ერთად დაწყვილებაზეც, რომ გითხრათ, რომ დიდი მოლოდინები უნდა ყოფილიყო, მე არ ველოდებოდი ასე“, – განაცხადა ხვიჩიამ.