ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და ნიკა გვარამიას გაათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს", - თქვა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას ბრალი დაუმძიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
იმის გამო, რომ სასჯელი ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.