საქართველო-თურქეთს შორის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით ოქმი გაფორმდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს მართავს.
"ეს იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თურქულ ძეგლებსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით ერთობლივი ოქმი ", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება იმას, განიხილება თუ არა აჭარაში მეჩეთების აშენების საკითხი თურქეთში არსებული ქართული ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, კალანდაძის თქმით, "სამუშაო ჯფუფის შეხვედრებზე ყველა საკითხი განიხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოქმში ყველა მათგანი იქნება ასახული".
ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით საქართველო-თურქეთს შორის ერთობლივი ოქმი მოგვიანებით გაფორმდება. ამ მიზნით საქართველოს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ეწვევა.