ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, არ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას სანქცირებულ პირებზე რაიმე კონკრეტული ეფექტი ჰქონდეს.
ამასთან, როგორც წულუკიანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი დღეს არის მშვიდობა ქვეყანაში.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება რასაკვირველია, გასაკვირი არ არის. პირადად არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას რაიმე კონკრეტული ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს სანქცირებულ პირებზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი დღეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და იმ ვითარების შენარჩუნება, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა არის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსა და ერის გადარჩენისთვის და ამის გარანტად დღეს დგას საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ მწუხარება შეიძლება გამოვხატოთ ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესდა.