საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონი წინასწარ არ საუბრობს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვისთვის დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.
“ეს არის კითხვა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის უნდა დაუსვათ და უკრაინის მთავრობას. როგორც ადრე ვთქვი, აშშ სანქციების პროცესზე წინასწარ არ საუბრობს და თუ ვინმეს სანქციებს ვუწესებთ, ეს ხდება საჯაროდ და ქვეყნდება საიტზე”,-განაცხადა დეგნანმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, სანქციები ასევე გავრცელდება ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე. სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს. ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.