„გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
მისივე თქმით, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში, დღეს ციხეში არ იქნებოდა.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. უბრალოდ პოლიტპატიმარში ადამიანები ყოველთვის სხვადასხვა რაღაცას გულისხმობენ. ხშირად იქ იგულისხმება ისეთი რამ, რომელსაც როგორც წესი, მე არ ვგულისხმობ, მაგრამ, სააკაშვილი პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყო, არ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში 2013 წლის შემდეგ, ახლა ციხეში არ იჯდებოდა. ეს კრიტერიუმი ჩემთვის საკმარისია იმისთვის, ვთქვა, რომ პოლიტიკური მოტივით ზის ციხეში.
გვაქვს სასამართლო, რომლის რეპუტაციაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო შებღალული. ასეთი სასამართლოს მიერ გასამართლებულ ნებისმიერ ადამიანზე უნდა ელოდო, რომ მას ან პოლიტპატიმარს დაუძახებენ ან უკანონო პატიმარს, რადგან სასამართლოს პრობლემას ასეთი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.