ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმა განაცხადა.
დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეა. განხილვის მთავარი თემა კვლავ რუსული აგრესია, საფრთხეებისგან თავის დაცვა და უკრაინის დახმარებაა.
განცხადება უკვე გააკეთეს იენს სტოლტენბერგმა და ლოიდ ოსტინმა. ორივე გამოთქვამს მზაობას, გაიზარდოს უკრაინის დახმარება რუსული აგრესიის პირობებში.
უკრაინისთვის რომ ახლა ყველაზე მთავარი გამოწვევა საჰაერო უსაფრთხოებაა, ამაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები უკვე შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას უკრაინა თანამედროვე დასავლური საზენიტო სისტემებით შეძლებს. "ნასამსი" და "აირის თი" - საჰაერო თავდაცვის ის დანადგარებია, რომლებიც ახლო და საშუალო მანძილზე მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას დაიცავს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების სახელით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა იქამდე, სანამ ომში მყოფ ქვეყანას ეს დასჭირდება.
"მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისთვის, და ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ნატოს მოკავშირეებმა, პარტნიორებმა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა განაცხადეს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას და კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით," - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინისთვის 8 თვის განმავლობაში გაწეულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა ასევე ამერიკის თავდაცვის მდივანმაც. ლოიდ ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატები ნატოს მე-5 პუნქტის ერთგულია.
"მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად ერთგულია ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ და თუ საჭირო გახდება დავიცავთ ალიანსის ტერიტორიების ყოველ ინჩს. მსურს მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებმაც გაზარდეს უკრაინის დახმარება. უკვე მერვე თვეა რუსეთი უკრაინაში არაპროვოცირებულ და უსამართლო ომს აწარმოებს და, მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მოკავშირეები განაგრძობენ კიევისთვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების გაზრდას. ეს კი მხოლოდ ამ ალიანსის მუშაობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს. რთულია შესრულებული საქმით არ ვიამაყო. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედებების არსებითი ფორუმი, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს," - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.