კიდევ რბილი იყო განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, რადგან კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, – ასე უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვას.
ნინო წილოსანმა ლომჯარიას შეახსენა ირაკლი კობახიძის მიმართ გაკეთებული განცხადება, რომ კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიაჩნია, მას დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს და ჰკითხა: „თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია, თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თავად ირაკლი კობახიძეს“.
ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კობახიძემ მაშინ საკუთარ თავს ბევრი უფლება მისცა და კარგი იქნებოდა, თუ წილოსანი გაიხსენებდა კობახიძის რა განცადებას მოჰყვა მისი კომენტარი.
„შემდეგი კითხვები იყო დასმული ქალბატონი ნინო წილოსანისგან. მან რამდენიმე ჩემი ციტატა მოიყვანა. პირველ რიგში, ქალბატონო ნინო, თქვენ ადგილას მე არ გავიხსენებდი, მაგრამ გაიხსენეთ ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემ მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ შორის მისი რეპუტაციის და ლეგიტიმაციის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებები გავაკეთე. გაგახსენებთ რატომ გავაკეთე ეს განცხადებები. კითხვას სვამთ, რომ როგორ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასეთი განცხადებები გამეკეთებინა. ვფიქრობ, კიდევ საკმაოდ რბილი იყო განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა იმ ვითარებაში, რადგან ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს. ვფიქრობ, სწორედ მას არ ჰქონდა ამისი თქმის უფლება. ძალიან ბევრი უფლება მისცა საკუთარ თავს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა. არა მარტო ჩემს მანდატს, არამედ ყველა ფორმით დავიცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას. ამიტომ კარგი იქნებოდა, გაგეხსენებინათ, კობახიძის რა განცხადებას მოჰყვა ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.