შეეძლოთ, ეს ადამიანი ნებისმიერ დროს დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კიევის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"რასააკვირველია, სამართლებრივად და თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ის სახელმწიფო წყვეტს, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანაა საქართველო [...] მიხეილ სააკაშვილი ტრანსპორტაბელურია თუ არა, ეს ცალკე საკითხია. საქართველოს სახელმწიფო თვლის თუ არა, რომ ის დაკითხვის მიზნით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს. მე კი ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი იქ ჰყავდათ, მისი გაძევების საქმეზე გამოძიება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეძლოთ, ეს ადამიანი ნებისმიერ დროს დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ როგორმე სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. ეს საბაბს უფრო ჰგავს, ვიდრე საჭიროებას" - თქვა წულუკიანმა.
კიევის ბორისპოლის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება გუშინ, 6 ოქტომბერს მიიღო.