მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმსახურებს სასწრაფოდ, აუცილებელ არამარტო გადაუდებელ შეფასებას, არამედ ჩარევას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძე განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, მისი გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება არის აუცილებელი.
„ვესაუბრე თემურ ჯანაშიას ასევე გვქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით. მინდა, მოგახსენოთ, რომ რეალურად მისი ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის არის მძიმე და ეს უპირველეს ყოვლისა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა შემდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რეალურად უკავშირდება სწორედ იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ უზრუნველყოფა გაეკეთებინა იმის, რომ საერთაშორისო ექსპერტებს გაეკეთებინათ შეფასება, რომელიც არის აუცილებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. გარდა ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ საზოგადოება კვებეს მხოლოდ პროპაგანდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იმსახურებს რაიმე სახის შეშფოთებას, რაც არის ტყუილი, რადგან ჩვენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები თავიდანვე ვითხოვდით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი გადაყვანა და სასჯელის გადავადება მომხდარიყო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ახლა არ უშვებენ.
რეალურად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, პარტიის ან კონკრეტულად მისი მხარდამჭერების მთავარი გამოწვევა, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ამ გამოწვევას, თუ სახელმწიფო და საზოგადოება არ გაუმკლავდა ისე, როგორიც არის საჭირო, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე.
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, მისი გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება არის აუცილებელი და ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი საზოგადოების კონცენტრაციის ერთ-ერთ უპირველესი ამოცანა. დაუყონებლივ მიეცეს ექსპერტს საშუალება, რომ შევიდეს და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ამ ვითარებაში, დღეს, როდესაც ჩვენი კონცეტრაცია იქნება მიმართული იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენოთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, დიპლომატები, დღეს მე ვერ ვხედავ იმის სულ მცირე შესაძლებლობასაც კი, რომ რუტინული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ პარლამენტში“, – განაცხადა დეკანოიძემ.