ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია. ბოლო კვირების მოვლენები და ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმისა, რაც რეალურად ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა.
ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ „საჭიროა ფუნდმენტური დარესტარტება“.
„პოლიტიკა პირველ რიგში კომპრომისების ადგილია, მაგრამ როდესც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი – დუმილი ტყუილია. პოლიტიკა კი არ არის ფუნდამენტური ტყუილების ადგილი, ამიტომ ახლა ნამდვილად მოვიდა დრო, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია. ბოლო კვირების მოვლენები და ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმის, რაც რეალურად ხდება. უარესიც ხდება, რაც ჯერ არ ჩანს. ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია. ფაქტია, ოპოზიციის ყოფილი ფაქტობრივი ლიდერი და ძალის ცენტრი, მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია. სააკაშვილი არათუ არ მოქმედებს ქართულ პოლიტიკაში, აღარც კი აკომენტარებს მას, მაშინ, როდესაც აკომენტარებს უკრაინულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა დავინახოთ ახალი რეალობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა. აღარავისთვის არის ახალი, რომ ოპოზიციურ ველზე არის იდენტობის, იდეის, აზრის, ხშირად მორალის, პასუხისმგებლობის, კონსტრუქციის სრული კრიზისი – ამიტომ საჭიროა ფუნდამენტური დარესტარტება.
კრიზისებს ვადამდელი არჩევნები შველის – ოპოზიციაშიც ესე მუშაობს ეს. დღეს ქართულმა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ის, რასაც ქ. ოცნებას თხოვს სიტყვიერად და სრული უძალობის გამო ეს „მოთხოვნა“ უკვე კომიკურად გამოიყურება. თუ გვინდა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა და პოლიტიკა, უნდა შევქმნათ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიცია, ანუ: პირველი, თუ ჩვენ გვინდა, გვყავდეს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც წარუმატებლობაზე, თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე, დაპირებულის ვერ და არშესრულებაზე უბრალოდ პასუხისმგებლობას აიღებს და გადადგება, ჩვენ იგივე უნდა მოვთხოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. როდესაც საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა – ეს უნდა გააკეთო. მეორე – თუ გვინდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონულად და ფარულად, ჯერ ჩვენ ჩავატაროთ მსგავსი არჩევნები ოპოზიციურ ფლანგზე.
ჩემი აზრით ოპოზიციის სამოქმედო ასეთია:
1. არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური როლით, მაგრამ პროცესით, რომელიც ღია იქნება დამოუკიდებელი ადამიანებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10%-ს, ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს.
ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად.
2. პრაიმერისები გაიწეროს დროში. ჩემი აზრით, ჯამში 6-8 კვირის ფარგლები იქნება საკმარისი და საჭიროც.
პროცესი უნდა მოიცავდეს საჯარო სატელევიზიო დებატებს სხვადასხვა თემაზე. პოლიტიკოსებმა უნდა ახსნან, რატომ, რისთვის არიან პოლიტიკაში, რა ამოძრავებთ, რისი სჯერათ და რა უნდათ. პროცესი უნდა ითვალისწინებდეს კამპანიების ჩატარებას პრაიმერისების ფარგლებში, მაგალითად, სწორედ ისე, როგორც ეს ხდება შეერთებულ შტატების პოლიტიკურ სისტემაში.
უახლოეს თვეებში, ღია პოლიტიკური პროცესის შედეგად, უნდა დაიბადოს და ჩამოყალიბდეს ის ლიდერი და ის ლიდერთა გუნდი, ვინც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე შეცვლის ქ. ოცნებას და ვინც ხალხთან ერთად მოიგებს რეალურად რეფერენდუმს: ევროპა თუ რუსეთი, არსებობა თუ გაქრობა. დიდი დარესტარტების, ხალხიდან ლეგიტიმაციის მიღების, ახალი რეალური ლიდერების დაბადების გარეშე, შეუძლებელია ამ ფორმაციის ოპოზიციამ და მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამარცხოს ეს ოლიგარქიული სისტემა.
დღეს, ოპოზიციურ ველზე გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, პირველ რიგში ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან. აღარ არის გასაგები, ე.წ. ლიდერები ვის წარმოადგენენ პოლიტიკში, რა მიზნები აქვთ, რა ვნებები აქვთ, რატომ არიან პოლიტიკაში და რისთვის „იბრძვიან“.
ამ ფორმაციის პოლიტიკურმა პარტიებმა თავი ამოწურეს და ვერ პასუხობენ მოთხოვნებს. ეს კარგად აჩვენა 3 ივლისის აქციამ, როდესაც ქუჩაში 120 000 ადამიანი იდგა და არავინ წარმოადგენდა ამ ხალხს, არავის შეეძლო მათი ძალის მშვიდობიანი გამოყენება – ქვეყნის მომავლისთვის. ჩემი აზრით, თუ ოპოზოციური „პარტიების“ უმეტესობა თვლის, რომ ახლა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა დიდ დემოკრატიულ პროცესში, რომლის შედეგიც იქნება ახალი პოლიტიკური სპექტრის დაბადება, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება ხალხთან.
მე გამოსავალს ასე ვუყურებ: პლატფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური როლით, ჩავატაროთ დიდი ფართო ოპოზიციური პრაიმიერისი, ელექტრონულად და ფარულად, იმისთვის, რომ საქართველოში გაჩდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვისაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და მოქმედების თავისუფლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვწირავთ ქვეყანას „ქართული ოცნების“ სამართავად. მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ“, – წერს ნიკა ობოლაძე.
გამოვდივართ ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს - ლევან ბეჟაშვილი
ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი.
“ამავე დროს, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ, არ ისარგებლონ ამ შენატანით და არც შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოში მყოფ დევნილებს უნდა მოხმარდეთ.
„ამ შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც მრავალ ასობით ათასი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის იქნება შექმნილი სპეციალური დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად, დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული. დღევანდელი სტატისტიკით, რუსეთის დაახლოებით 280 ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში. ბოლო ათი დღის მონაცემებით, დაახლოებით 80 ათასი ადამიანი შემოვიდა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ თანხის დაწესებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება და ეს თანხები დევნილების საჭიროებებს მოხმარდება. უკვე შემოსულ მოქალაქეებზე აღნიშნული ვალდებულება ასევე გავრცელდება, რადგან ჩვენ საბანკო დაწესებულებებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევოებს, სამედიცინო კლინიკებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს დავავალდებულებთ, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევისას, მათ რუსეთის მოქალაქეებს მოსთხოვონ აღნიშნული თანხის დამადასტურებელი გადახდის ქვითარი, რაც ასევე უზრუნველყოფს უკვე შემოსული მოქალაქეებისთვის ამ შენატანის გადახდის ვალდებულებას. ვფიქრობ, ეს ინიციატივა საერთო-სახალხო ინიციატივა უნდა იყოს. საზოგადოება ეთანხმება ამ ინიციატივას, ეს მოთხოვნა კონკრეტული მოქალაქეებიდან და მათი მოთხოვნის საფუძველზე მომდინარეობს. ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდოთ, არ განვიხილოთ ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივებისა და დაპირისპირებების ჭრილში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.