ხვალ, 6 დეკემბერს, თბილისში მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი "პრომეთე" გაიხსნება.
ფესტივალი კინოთეატრ "ამირანში", რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმით - "შანტრაპა" საზეიმოდ გაიხსნება და 11 დეკემბერს ჟული ბერტუჩელის სურათით "ხე" დაიხურება.
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რეჟისორების პირველი ან მეორე ფილმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საქართველო, გერმანია, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, სერბეთი და აზერბაიჯანი. მათ შორის რამდენიმე ფილმმა უკვე სერიოზული აღიარება მოიპოვა მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე.
საქართველოს საერთაშორისო კონკურსში წარადგენს რუსუდან პირველის სადებიუტო ნამუშევარი "სუსა".
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე - ჟელიმირ ჟილნიკი (ბერლინის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული რეჟისორი, სერბეთი). წევრები: ჰანა მახმალბაფი (რეჟისორი, ირანი), მარიამ დე აბო (მსახიობი, დიდი ბრიტანეთი), ნანა ჯორჯაძე (რეჟისორი, საქართველო) და ელენა ხაზანოვი (რეჟისორი, სცენარისტი, რუსეთი-შვეიცარია).
ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ორ ნომინაციაში - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. შესაბამისად, გაიცემა ორი პრიზი - ოქროს და ვერცხლის პრომეთე, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა, თამარ კვესიტაძემ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნა.
ჟიური ასევე დააჯილოდებს ერთ გამორჩეულ ფილმს ფარაჯანოვის სახელობის პრიზით ინოვაციური კინოენის ძიებისათვის (პრიზი დააწესა ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდმა).
ფესტივალი წელს გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის, გელა კანდელაკის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალური ჩვენება დაეთმობა 1979 წელს გადაღებულ ფილმს "უბედურება".
ტრადიციულ გერმანულ სექციაში Made in Germany სხვა რეჟისორებთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან მიხაელ ჰანეკე ("თეთრი ლენტი") და ფატი აკინი (Soul Kitchen).
ფრანგული ფილმების პროგრამა მოიცავს ისეთი აღიარებული რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს, როგორებიც არიან ოთარ იოსელიანი ("შანტრაპა"), ჟან-ლუკ გოდარი ("სოციალიზმი"), ჟაკ ოდიარი ("წინასწარმეტყველი"), კლერ დენი ("თეთრი მასალა") და ბრუნო დიუმონი ("ჰადევიხი").
წლევანდელი ფესტივალი ასევე უმასპინძლებს ბრიტანული კინოს პროგრამას, რომელიც ლეგენდარულ კენ ლოუჩსა ("ერიკის ძიებაში") და სტივენ ფრირზთან ("ტამარა დრუ") ერთად კიდევ რამდენიმე საინტერესო თანამედროვე ნამუშევარს შემოგთავაზებთ.
მე-11 ფესტივალის განსაკუთრებულ საღამოზე ამერიკელი კომპოზიტორის ბეთ კასტერისა და მისი ანსამბლის კონცერტი იგეგმება.
კოტე მიქაბერიძის კინო-ლეგენდას, "ჩემი ბებია" ისინი სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ.
ამერიკული პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ლეგენდარული ფრენსის ფორდ კოპოლას "ტეტრო" და დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ამომავალი ვარსკვლავის, დებრა გრანიკის ფილმი "ზამთრის მარაგი" (სანდენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი).