დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო კონფერენციას - „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე.
თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ დედაქალაქში, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დგას. საბედნიეროდ, კომუნიკაცია, რომელიც ჩემს გუნდს, უშუალოდ მე მაქვს, იქნება ეს სხვადასხვა სოციალური პლატფორმა თუ პირისპირ შეხვედრები, გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ მოსახლეობის რჩევები, მათი შენიშვნები, მოვუსმინოთ მათ, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან საკუთარი ქალაქის თუ უბნის პრობლემები და საჭიროებები. ამ მიმართულებით, თბილისის მერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: შეიქმნა ელექტრონული პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ხედვა და პროექტი წარუდგინონ; ქალაქ თბილისის გამგეობებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილები სარეკომენდაციო ხასიათისაა; 2020 წელს თბილისის მერიის აქტიური მონაწილეობით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მომზადდა თბილისში პარკების ფორმირების პროცესში მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ კონცეფცია და გზამკვლევი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელ კონფერენციაზე ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.
„პროექტი ხორცილდება საქართველოს ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მინდა, მადლობა ვუთხრა ევროსაბჭოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის. თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქისთვის უაღრესად საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გამოცდილების გაზიარებით, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რათა ისინი იყვნენ საზოგადოებრივად აქტიური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, წავახალისოთ ახალგაზრდები, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელები და უფრო აქტიური მონაწილენი გავხადოთ ისინი საზოგადოებრივ დებატებში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის - „მონაწილეობითი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებშია ორგანიზებული, რომლის იმპლემენტაციას ევროპის საბჭოს დემოკრატიის გენერალური დირექტორატი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი ახორციელებს.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.