ჩვენი მრავალჭირნახული საზოგადოება შოკშია იმ კადრების გამო, რომელიც ასახავს სუს-ის მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე კონტროლის უპრეცედენტო, მსოფლიოში არნახულ ფაქტებს, როდესაც ჭირისუფალსაც კი დაკრძალვასა და პანაშვიდებზე უთვალთვალებენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა და მოუწოდებს სახელმწიფო უშიშროების ყველა თანამშრომელს, დაწერონ განცხადებები და დატოვონ სტრუქტურა ერთ თვეში.
მანამდე, მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების ყველა თანამშრომელს, ხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე, დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები. ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, ნუ გაიუბედურებთ ოჯახებსაც, დროზე მოცილდით ხალხის მჩაგვრელ, დანაშაულებრივ იარაღს, სადაც თქვენ მონებად გაქციეს.
„ერთი თვის ვადას ვაძლევთ უშიშროების ყველა თანამშრომელს, რომ გამოეცალოს დანაშაულებრივ ორგანიზაციას. ყველაფერს წარმოვიდგენდი, რომ მითვალთვალებენ და მისმენენ, ეს ყველამ ვიცით, არავინაა ბავშვი და გამოუცდელი, ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ ახლა პანაშვიდზეც თუ მოვიდოდნენ და იქ შეამოწმებდნენ ჩემს ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს, რომელსაც ვახორციელებდი დაკრძალვასთან ერთად შეთქმულთა ჯგუფის კოორდინირებით, ამას ვეღარ წარმოვიდგენდი. რის თაობაზეც საუბარი გვაქვს, 0.1 პროცენტია იმის, რასაც ივანიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია აკეთებს. თქვენ ის იკითხეთ, როგორაა გაკონტროლებული ყველა მოქალაქე, როგორაა შესწავლილი ყველას დოსიე, როგორ იციან, ვის მიმართ აქვთ სიმპათიები ადამიანებს, რომელი პოლიტიკური ძალის, ან პარტიის ან ლიდერის მიმართ. როგორ ხორციელდება მასზე ზეწოლა, ძალადობა, თვალთვალი და როგორ ახდენენ ადამიანის დათრგუნვას, რათა მან არ იაზროვნოს, არ იმოქმედოს თავისუფლად, არ იგრძნოს თავი ადამიანად. ჩვენ ამათ მთელი მსოფლიოს დასანახად ვასწავლით ჭკუას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.