ჩემი გატაცება ივანიშვილს მოსთხოვა ილჰამ ალიევმა და ამაში დიდი ქრთამი გადაიხადა - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, ,,ტვ პირველზე", ანა წერეთლის ,,დღის ამბებში" ჩართვისას განაცხადა.
მუხთარლის მტკიცებით, მისი გატაცების საქმეში თავიდანვე ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჟურნალისტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ არავითარ პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებს, მაინც ყველაფერს აკონტროლებს საქართველოში.
"როცა მე დამაკავეს და აზერბაიჯანში ჩამოყვანეს, მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ ეს გატაცება იყო შესრულებული ქართველი მაღალჩინოსნების ბრძანებით. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით.
ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა 4 ქართული უწყება - სასაზღვრო პოლიცია, კრიმპოლი, უსაფრთხოების სამსახური და საბაჟო. ისინი ივანიშვილის ბრძანების გარეშე ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
ივანიშვილი რუხი კარდინალია. ის მაშინ პრემიერი არ იყო, მაგრამ ყველაფრის ფაქტობრივი მმართველია.
შემიძლია, ასევე ვთქვა, რომ ჩემი გატაცება მოითხოვა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ამისთვის ძალიან დიდი ქრთამი გადაიხადა. ეს ინფორმაცია სარწმუნო წყარომ მომაწოდა", - განუცხადა ,,ტვ პირველს" აფგან მუხთარლიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს.
მას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა.