ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი – NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს.
საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი), - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც კვლევის ანგარიშს ეფუძნება.
„მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატო-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის“, - წერია პრესრელიზში.
ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.
ანგარიში 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.