ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სხვა ინიციატივებს შორის ყველაზე მეტად მახარებს და მივესალმები, -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას.
„ჩემივე პოლიტიკური გუნდისგან თუ ყოფილა ბოლო დროს რაიმე ინიციატივა, ხმამაღლა და გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც სხვა ინიციატივებს შორის ყველაზე მეტად მახარებს და მივესალმები. ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მუშაობიდან დაწყებული, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ახალ ტექნოლოგიებში დაწინაურებულია, რომ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს აქვთ ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, თუ იქნება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და გატარდება საკანონმდებლო რეფორმა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეძლებოდა ელექტრონული არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, იმ ძალიან დიდი რისკის დაზღვევით, რისი უნარიც ასევე გვაქვს, რაც უკავშირდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას ჯერ კიდევ ოკუპირებულ ქვეყანაში.
ამ რისკების დაზღვევა ჩვენ შეგვიძლია, რადგან უკვე ძლიერი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ასევე გვაქვს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, ვინაიდან საკანონმდებლო უზრუნველყოფის ინიციატივა უკვე არსებობს, ეს შევძლოთ და ძალიან მოხარული ვარ ამ ინიციატივის გამო. ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპონენტების რეალურ სახეს, რომლებიც არჩევნები ერთია და რამდენჯერმე ცრუობენ ხოლმე, თითქოს ხალხის ნება სათანადოდ არ იქნა ასახული. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა, ჩვენს გუნდს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ რეფორმის გზაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.