უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი და საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი მილიარდერები რეგულარულ ზარებს იღებდნენ კრემლიდან და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თქმით, დასავლური სანქციები მილიარდერებს იძულებულს ხდის რუსეთში დაბრუნდნენ.
"სანქციები იძულებულს ხდის ელიტას, დაუახლოვდნენ კრემლს, მაშინაც კი, თუ ურჩევნიათ მისგან დისტანცირება", - ციტირებს გაზეთი ერთ-ერთ წყაროს.
მილიარდერების თქმით, რომლებთანაც Financial Times-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს, იმის ალბათობა, რომ სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქები პუტინის ჩამოგდებას შეეცდებიან, ძალიან მცირეა.
"სასახლეში გადატრიალების მოსაწყობად და მეფის დასამხობად, თქვენ უნდა იყოთ სასახლეში. არცერთი მათგანი (დასავლეთის სანქციების ქვეშ მოქცეული ოლიგარქები) იქ არ არის", - განმარტა გაზეთის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ანონიმურობის პირობით.
პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ათეულობით რუსი ბიზნესმენის ანგარიში გაიყინა დასავლურ ბანკებში, მათ დაკარგეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მდიდრული ვილები, ზოგიც იძულებული გახდა გაეყიდა დასავლური კომპანიების აქციები.
Financial Times-ის ცნობით, ახლა ისინი ეძებენ გზას, გადაარჩინონ ის, რაც დარჩა მათი სიმდიდრისგან.
ამავდროულად, გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბევრი რუსი ბიზნესმენი თანახმაა, ქონების ნახევარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გაიღოს, თუ მიიღებენ გარანტიას, რომ შეინარჩუნებენ ქონების მეორე ნახევარს. მაგრამ კიევი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, ასეთი გარიგების წინააღმდეგია.