გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ვიცე-პრემიერისა და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკიხთთა მდივნის თანამდებობას ლიზ ტრასის ახლო მოკავშირე ტერეზა კოფი დაიკავებს. მანამდე ის შრომისა და საპენსიო საკითხთა მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ხაზინის კანცლერის თანამდებობას კვაზი კვარტენგი დაიკავებს, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში ბიზნეს მდივანი იყო.
საგარეო საქმეთა მდივნად დაინიშნა ჯეიმს კლევერლი. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა ოფისში მუშაობდა და ფაქტობრივად, ლიზ ტრასის მოადგილის მოვალეობას ასრულდება. ბორის ჯონსონის მთავრობის ბოლო დღეებში მას განათლების მდივნის თანამდებობდა ეკავა.
შინაგან საქმეთა მდივანი სუელა ბრეივერმანი დაიკავებს, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი იყო. სუელა ბრეივერმანი მონაწილეობა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, თუმცა კონკურსს მალევე გამოეთიშა, რის შემდეგაც მხარი ლიზ ტრასს დაუჭირა.
ლიზ ტრასის მთავრობაში თავის თანამდებობას შეინარჩუნებს ბენ უოლასი, თავდაცვის მდივანი. თავდაპირველად, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ერთ-ერთ კანდიდატად ბენ უოლასიც განიხილებოდა, თუმცა მან უარი თქვა ლიდერის არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარი ტრასს დაუჭირა.
გარდა ამისა, ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის მდივნად დაინიშნა- ჯეიკობ რიიზ-მოგი; კულტურის მდივნად - მიშელ დონელანი; გარემოს დაცვის მდივნად - რანილ ჯაიავარდენა; იუსტიციის მდივნად - ბრენდონ ლუისი; შრომისა და საპენსიო საკითხთა მდივნად- ქლოი სმიტი; ტრანსპორტის მდივნად ანა-მარი ტრეველიანი.
ამასთან, თემთა პალატაში უმრავლესობის ახალ ლიდერად დაინიშნა პენი მორდონტი, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში და მოწინავე პოზიციებსაც იკავებდა. თუმცა ერთ-ერთ ტურში საკმარისი ხმების არ ქონის გამო ვეღარ გააგრძელა რბოლაში მონაწილეობა. მოგვიანებით, მან მხარი ლიზ ტრასს დაუჭირა.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს კონსერვატიული პარტიის წევრებმა პარტიის ახალ ლიდერად საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი აირჩიეს.
ლიზ ტრასმა 81 326 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა რიში სუნაკმა - 60 399.
ლიზ ტრასი არის გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.