ექვსკვირიანი კამპანიის შემდეგ, ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრებმა, პარტიის ახალი ლიდერი, შესაბამისად ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გამოავლინეს.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, არჩევნებში საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა გაიმარჯვა.
ლიზ ტრასმა 81 326 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა რიში სუნაკმა - 60 399.
ლიზ ტრასი იქნება გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.
6 სექტემბერს უკვე ბორის ჯონსონი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი, გაემგზავრებიან შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში, რათა შეხვდნენ გაერთიანებული სამეფოს დედოფალს.
ბორის ჯონსონი ოფიციალურად წარუდგენს დედოფალს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შემდეგ მონარქი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს, ლიზ ტრასს სთხოვს მთავრობის ფორმირებას.
ამის შემდეგ, ახალი პრემიერ-მინისტრი ბალმორალიდან ლონდონში დაბრუნდება, რათა პირველი განცხადება გააკეთოს მთავრობის მეთაურის რანგში.
სამშაბათს საღამოსთვის კი მოსალოდნელია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს მთავრობის კაბინეტის წევრებს.
ახალი პრემიერ-მინისტრი ასევე მიიღებს სატელეფონო ზარებს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან, რომლებიც მიულოცავენ მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავებას.
ამასთან, ახალი პრემიერ-მინისტრი თავადაც განახორციელებს სატელეფონო ზარებს კოლეგებთან. ლიზ ტრასმა მანამდე განაცხადა, რომ პირველი ვისაც დაურეკავს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.