"საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა. და ყველაზე დიდი რადიკალური ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ გადადგა მაშინ, როდესაც დაუპირისპირდა საკუთარ სამშობლოს, საკუთარ მოქალაქეებს და საბოლოოდ თქვენ დაგერქვათ პრორუსული ორიენტაციის პარტია", - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნება" არის პრორუსული ძალა და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია.
"თქვენ ცვლით სახალხო დამცველის არჩევის წესს იმის გამო, რომ დაიმორჩილოთ სახალხო დამცველი, რომელიც იყო ერთ-ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. საარჩევნო ჯგუფიდან გააძევეთ „ისფედი“ (ISFED), რომელსაც ყველაზე უფრო მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებში და საქართველოში, მოსმენების კანონის კრიტიკაზე დაადანაშაულეთ ვენეციის კომისია. ეს არ უქნია არცერთ ევროპულ ქვეყანას. ზაფხული გამოიყენეთ იმისთვის, რომ კარლ ჰარცელისთვის და კელი დეგნანისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ. ძვირფასო რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, თქვენი საპარლამენტო საარჩვენო კამპანია იყო პროევროპული. 2020 წლის საპარლამენტო კამპანიის შემდეგ თქვენ გახდით პრორუსული, ამიტომ, ნებისმიერი ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.