ჩემი, როგორც პრემიერის როლია, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი მთავარი გეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება სჭირდება.
„მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ყურადღებით გავეცანი მათ კრიტიკულ კითხვებს, წერილებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, სტაბილურად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას. მე, როგორც პრემიერი, ჩვენი მმართველი გუნდი ვართ ვალდებული, რომ ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. ისეთების, როგორც არის აშშ, ევროკავშირი, ევროპული სახელმწიფოები. ჩვენი პატარა სახელმწიფო ძალიან ძლიერი ხალხით პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს. ჩემი, როგორც პრემიერის როლი არის, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი მთავარი გეზი. მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა არ არის საკმარისი და საჭირო. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, აშს-ის ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველას სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო, აქვს თავისი ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას და მათ წარმომადგენლებს, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი, ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ. ამიტომ, ჩემი, როგორც პრემიერის სურვილია, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება განვითარება, გაძლიერება, კეთილდღეობა და ამ ურთიერთობების გაძლიერება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.