ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვერ დაუშვებს დევნილების მიერ ფართების თვითნებურად დაკავებას. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას შენობების მფლობელთა უფლებები - განკარგონ მათივე ფართები. შესაბამისად, შეჭრის ყველა შემთხვევა აღკვეთილი იქნება.
სამინისტრო 2008 წლიდან ეტაპობრივად ახორციელებს დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტებს. კერძოდ, აშენდა კოტეჯები, გამოსყიდულია სახლები, სადაც დევნილები დასახლდნენ, მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა. პროცესი 2010 წელსაც გაგრძელდება. სამინისტროს ამოცანაა დევნილებს გაუჩნდეთ საკუთრება და უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ არ იყვნენ.
ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე #37 დახურული საბავშვო ბაღის ავარიულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ შენობაში ცხოვრება მიზანშეუწონელია. საბავშვო ბაღის ავარიულობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობა აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად საშიშია. აღნიშნულ შენობაში 20 ოჯახი შეიჭრა, რომლებიც ოფიციალურად სხვადასხვა მისამართებზე არიან დარეგისტრირებულნი. ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე სწორედ აგვისტოს ცნობილი მოვლემნების შედეგად აღმოჩდნენ. კერძოდ, მათ შემთხვევით ისარგებლეს და დახურული საბავშვო ბაღი თვითნებურად დაიკავეს. აღნიშნულ ოჯახებს ალტერნატიული საცხოვრებელი გააჩნიათ - ზოგი რეგიონებში კერძო სექტორში ცხოვრობდა, ზოგი კი კომპაქტურ ჩასახლებებში როგორც რეგიონებში ისე თბილისში.