შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის (94,4 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს.
"თქვენ იცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. ჩვენი ვალი და პატივია თქვენი მხარდაჭერა. და ამიტომ ჩემი მთავრობა უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს", - განაცხადა ანდერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა თავდაპირველად მიიღებს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება.
ანდერსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შედის სამხედრო დახმარების პაკეტში, თუმცა აღნიშნა, რომ ის წინა პაკეტის მსგავსი იქნება. წინა პაკეტი მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, პერსონალურ დამცავ აღჭურვილობასა და გამნაღმველი სამუშაოების აღჭურვილობას.
კიდევ 500 მილიონი შვედური კრონა უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. შვედეთი ასევე შეიძენს უკრაინულ მარცვლეულს, რათა გადასცეს ის სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებს, რაც სტოკჰოლმის გათვლებით უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება.
ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.