საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაყიდონ წინა მთავრობის დროს შეძენილი ძვირად ღირებული ვერტმფრენი და სანაცვლოდ შეიძინონ სამი ახალი ვერტმფრენი.
„გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილი იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევრო არის გადახილი ამ ვერტმფრენში. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ისეთებს, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციისთვისაც. ახლა უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.