"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის დახმარების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაღათურიამ აღნიშნა, საქართველოში მცხოვრები 200 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი 70 ლარიან შემწეობას იღებს, ასევე არ არის უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სკოლებში სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ზოგადად ამ ადამიანებისთვის ქალაქებში გადაადგილების ინფრასტრუქტურა.
"საქართველო მიერთებულია კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, 200 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, განსკაუთრებით ბავშვები, რადგან სკოლებში არ არსებობს არანაირი პირობა, მათ განათლება მიიღონ და ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში. ასევე არ არსებობს სამუშაო ადგილები, სადაც ეს პირები დასაქმდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურების მოწყობას, სოციალური დახმარების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის განათლების მიღების უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ქართული დასის აღნიშნული ინიციატივების განხილვა მოხდება ექსპერტების დონეზე, ასევე შეხვედრებს გამართავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რის შემედეგაც უკვე დეპუტატის ვარაუდით, ქართული დასის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.
"ქართულმა დასმა" დღევანდელ პრესკონფერენციაზე მსოფლიო საზოგადოების მიერ შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ნორმების მთავარი პრინციპები წარადგინა.
აღნიშნული პრინციპების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაცია აკრძალულია და ისჯება კანონით.
სახელმწიფო ვალდებულია სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მატი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
ასევე სახელმწიფო ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას პირობები საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებით სარგებლობისათვის და თავისუფალი გადაადგილებისთვის.
სახელმწიფო ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას აუცილებელი პირობა განათლებისა და პროფესიული მომზადებისთვის.