საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რუსეთმა ყირიმიდან ათი მოიერიშე თვითმფრინავის ევაკუაცია მოახდინა.
Business Insider-ის ცნობით, ნატოს საიდუმლო მოხსენების თანახმად, ანექსირებული ნახევარკუნძულიდან 6 ერთეული Su-35 და ოთხი ერთეული MiG-31 გაიყვანეს, რათა თავიდან აიცილონ თვითმფრინავების შემდგომი დანაკარგები.
"სავარაუდოა, რომ რუსეთი დაფანტავს თავის საჰაერო ძალებს ყირიმში, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის მხრიდან შემდგომი თავდასხმები", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამავდროულად, ანგარიშის თანახმად, ავიაგამანადგურებლების გაყვანის კვალდაკვალ, რუსეთმა გააძლიერა ნახევარკუნძულის საჰაერო თავდაცვა.
ამასთან, ნატოს მიაჩნია, რომ რუსეთმა გაზარდა ყირიმში ტაქტიკური მიწა-ჰაერი რაკეტების რაოდენობა.
ნატოს თანახმად, სევასტოპოლის მახლობლად არსებული ბელბეკის აეროდრომი რჩება "რუსეთის მთავარ აეროდრომად რუსული ჯარებისთვის საჰაერო მხარდაჭერისთვის სამხრეთ უკრაინასა და შავი ზღვის თავზე".
არსებული ინფორმაციით, ბელბეკის აეროდრომზე განლაგებულია 32 გამანადგურებელი, ძირითადად Su-27-ები, მაგრამ ასევე, Su-35s და MiG-31BM.
9 აგვისტოს ნაშუადღევს ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკაში მდებარე საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
აფეთქებებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ სახანძრო უსაფრთხოების დარღვევად მიიჩნია, გაანადგურა მინიმუმ 8-9 თვითმფრინავი.
10 აგვისტოს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნოვოფედოროვკაში, აფეთქებების შედეგად, ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა. კრემლს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. უკრაინის თავდასხმის ვერსიას კრემლი კატეგორიულად უარყოფს.