9 აგვისტოს, ანექსირებულ ყირიმში, სოფელ ნოვოფედოროვკასთან მდებარე "საკის" ავიაბაზაზე უკრაინის თავდასხმის შედეგად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ავიაციის ნახევარი განადგურდა. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული ტელეარხ ITV News-ის ჟურნალისტი ემა ბაროუსი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლის ბრიფინგს ესწრებოდა.
"შავი ზღვის ფლოტის რეალური ისტორია ასეთია. მათ დაკარგეს ფლაგმანი კრეისერი "მოსკვა", დაკარგეს კუნძული "ზმეინი" და ფლოტის ავიაციის ნახევარი", - ციტირებს ჟურნალისტი Twitter-ზე ოფიციალური პირის სიტყვებს, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
დაზვერვის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუს სამხედროებს ამოეწურათ საბრძოლო მასალა, რაც "საბოლოოდ შეამცირებს რუსეთის უნარს შეტევის განხორციელებისთვის".
9 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებები იყო. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 14. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ ყოფილა უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.
სამხედრო ბაზა და აეროდრომი, რომელიც ნოვოფედროვოკასთან მდებარეობს, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
იქ განლაგებული იყო რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.
10 აგვისტოს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნოვოფედოროვკაში, აფეთქებების შედეგად, ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა. კრემლს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.