ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეარხ „პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები "გონს უნდა მოეგონ", არ უნდა "გაულეგიტიმურონ, გაუთეთრონ რეჟიმს არსებობა, არ უნდა გაუხანგრძლივონ ყოფა“.
ამავდროულად, მან მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, დატოვონ პარლამენტი.
"ერთხელ უკვე გაუხანგრძლივეს [არსებობა], როდესაც შევიდნენ პარლამენტში, არადა ჩამოშლილი იყო უკვე რეჟიმი... არ გამოვიდნენ პარლამენტიდან და ახლა უკვე დაუჯდნენ სამუშაო ჯგუფებში ბიძინა ივანიშვილს, თან ორად გაიყვნენ, ერთი უფრო, ამბობენ, რომ მაღალ პარამეტრებზე ვართ ჩვენ და იმათთან არ ვჯდებითო, მეორეებს კიდევ, ელისაშვილები და ისინი ვინც არიან, იმათ საკუთარი იმიჯი და რენომე ფეხებზე ჰკიდიათ და არც მალავენ, რომ ოცნებაზე მეტად ოცნებისტები არიან. დაუჯდნენ სალაპარაკოდ 12 პუნტქზე ევროკავშირის მაშინ როდესაც პირდაპირ ეუბნება ხელისუფლება, რომ ანტიოლიგარქიულ კანონში ივანიშვილი არ არის გათვალისწინებული. პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენ ივანიშვილს არ განვიხილავთო ოლიგარქად. და ამის შემდეგ უჯდებიან და ესაუბრებიან...
გამოდით მაგ პარლამენტიდან, გამოდით მაგ სამუშაო ჯგუფებიდან. ხო დაინახეთ ამერიკული, უცხოური ენჯეოები გაყარეს კინწისკვრით სამუშაო ჯგუფებიდან. არ უნდა გეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით აქ თუ არ დაუშვებთ იმ ორგანიზაციას, ISFED-ს. ამის გამო მაინც არ უნდა დაგეტოვებინათ ეს პარლამენტი და სამუშაო ჯგუფები?..
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს - დატოვეთ სამუშაო ჯგუფები, დატოვეთ პარლამენტი და რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოემხობა. სხვა შემთხვევაში რეჟიმს ჩვენ მაინც ჩამოვამხობთ, სრულ სანქცირებამდე მივიყვანთ რეჟიმის ლიდერებს და მათი ოჯახის წევრებს და მერე თქვენ შეგრცხვებათ იმის, რომ ამ ერს არ დაუდექით გადამწყვეტ წამებში გვერდში და ამჯობინეთ საკუთარი პრივილეგიები. არაფერი პრობლემა არ არის, არავინ დავბადებულვართ პარლამენტში ჯდომისა და გარდაცვალებისთვის", - თქვა ნათელაშვილმა.