სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს აშშ-ის ღია ჩემპიონატში.
"სამწუხაროდ, მე ვერ შევძლებ ნიუ იორკში ჩასვლას აშშ-ის ღია პირველობაზე სათამაშოდ. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატება სხვა მოთამაშეებს. ვეცდები კარგი ფორმისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და დაველოდები მომდევნო შესაძლებლობას", - დაწერა ჯოკოვიჩმა "ტვიტერში".
გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირის გამოტოვების მიზეზი ნოვაკ ჯოკოვიჩის აუცრელობაა. ის ამ დრომდე უარს ამბობს ვაქცინაციაზე. მოქმედი რეგულაციებით, შეერთებულ შტატებში შესვლა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ.
მანამდე, ამავე მიზეზით, ჯოკოვიჩმა გამოტოვა მონრეალის ტურნირი, რომელიც 7-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა.
იანვარში, აუცრელობის გამო, ჯოკოვიჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა ავსტრალიის ღია ჩემპიონატი და თავად ქვეყანაც, რადგან ავსტრალიის მთავრობამ ვიზა გაუუქმა.