შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, თითქოს ორგანიზაცია რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობდა.
კელი დეგნანის თქმით, ISFED-მა, როგორც კი აღმოაჩინა შეცდომა პარალელურ დათვლებში, ეს მაშინვე აუწყა საზოგადოებას.
"აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობას იღებდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა.
ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2022 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა შედეგების მიმართ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის განცხადებით, შეცდომის ისე წარმოჩენა, თითქოს ორგანიზაციამ ეს განზრახ გააკეთა ან რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობდა, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა.
"ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს რევოლუციური სცენარი იყო, ან გამიზნულად მოხდა. ყველა, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია გახლდათ და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - განაცხადა დეგნანმა.