საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, რუსეთს ეუთოს პარალიზება სურს.
"რუსეთს სურდა, რომ ასტანაში გამართული სამიტი კონკრეტული დოკუმენტის მიღების გარეშე დამთავრებულიყო, რათა ჰქონოდა საშუალება იმის პროპაგანდირების, რომ ეუთო უნდა დაიხუროს და ახალი სისტემა შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ თავად ახდენს ამ ორგანიზაციის პარალიზებას. საქართველოს პოზიცია კი სხვა იყო - სამიტი რაღაც დოკუმენტის მიღებით მაინც უნდა დამთავრებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ხელი მოეწერა ეუთოს 35-ე წლისთავსა და პარიზის ქარტიის 20-ე წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, სამიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ 8 კომპრომისული წინადადება შესთავაზა რუსეთს, თუმცა მან არც ერთი მათგანი არ გაიზიარა.
"ჩვენ 8 პროექტი შევთავაზებთ კონტრპარტნიორ რუსეთს იმისთვის, რომ მოგვენახა კომპრომისეული ვარიანტი, თუმცა მან არც ერთი გაიზიარა. სხვა შემთხვევაში კი, ჩვენ ვერ დავუშვებდით ისეთი დოკუმენტის მიღებას, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარებული არ იქნებოდა, აგვისტოს ომს კი სათანადო შეფასება არ მიეცემოდა", - განმარტა ვაშაძემ.
ამასთან, საქართველოს მთავარი დიპლომატის თქმით, "ეუთოს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რუსეთმა დაბლოკა, ქართული დელეგაციის წევრებმა მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ორი დღის განმავლობაში, დაუღალავად იმუშავეს".
"ეს დოკუმენტი არ სჭირდებოდა მხოლოდ საქართველოს და მის მოკავშირეებს, არამედ ეს აუცილებელი იყო თავად ეუთოსთვის, რომ მას დაეწყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში, ამ საუკუნის ეუთოს პირველი სამიტი 1-2 დეკემბერს გაიმართა. მასზე ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა უნდა მიღებულიყო, თუმცა დოკუმენტს რუსეთმა ვეტო დაადო.