გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ადასტურებს, რომ ბერლინი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე დასჭირდება გერმანიის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ შოლცმა 23 აგვისტოს, "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე განაცხადა, სადაც კანადიდან ვიდეოხიდით ჩაერთო.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, "საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს შეურიგდება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო, იმპერიალისტურ ანექსიას".
"ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად. ჩვენი ჰოსპიტლები განაგრძობენ დაჭრილი უკრაინელების მკურნალობას, ჩვენი საზღვრები, სკოლები და შრომის ბაზარი რჩება ღია მათთვის, ვინც გამოექცა რუსეთის ტერორს", - თქვა შოლცმა.
გარდა ამისა, კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.
"ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემებს, ტონობით საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ჯავშანტექნიკას", - აღნიშნა მან.
ამავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გმობს რუსეთის მცდელობებს, ძალით მოახდინოს უკრაინის ტერიტორიების ინტეგრირება.
"ნებისმიერი ფიქტიური რეფერენდუმი ან უკრაინის ტერიტორიის ნაწილის სტატუსის შეცვლის სხვა მცდელობა არასოდეს იქნება აღიარებული", - განაცხადა მან.
როგორც Reuters იტყობინება, გერმანია გეგმავს უკრაინას მიაწოდოს 500 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ახალი იარაღი - სარაკეტო სისტემა - Iris-T, 10 ჯავშანტექნიკა, 20 სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, საბრძოლო მასალა და დრონებისგან დაცვის სისტემა.