"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" კომპანია RMG Gold-ის სიმძლავრეებს იყენებს, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ.
ამ თემაზე პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ცდილობენ "სანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გაასაღონ და ჩვენი ქვეყნის გავლით უკანონო რეექსპორტი მოახდინონ".
ცისკარიშვილმა კონკრეტულ ტენდერზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, კომპანია " RMG გოლდზეა" მორგებული.
"არ ავიწყდებათ მთავარი საქმე და მათი ერთადერთი საფიქრალი, კორუფცია და ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ხარჯზე მილიარდების კეთება. საქმე, რომელიც მათ ყველაზე კარგად გამოსდით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ საქმეში ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესები დევს.
საუბარი გვაქვს ახალგამომცხვარ ტენდერზე, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შვიდი სოფლის, ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა-გავერანებას, ჩვენი ბუნების დამახინჯებას, ეკოლოგიური ვითარების დამძიმებას გამოიწვევს. ამ ტენდერის ტექნიკური პირობები, პირდაპირ RMG გოლდზე, ანუ რუსების და ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა უჩას კომპანიაზეა მორგებული. ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე და აქვე სიმბოლურად ჩადეს საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან კარგად იციან, რომ არც არავინ დაითვლის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობას, ხოლო ოქრო და სპილენძის მოპოვება-მოძიებაში გაღებული ხარჯები [...] RMG-ის მიერ გაფორმებული და გასაღებული იქნება ინვესტიციად", - ამბობს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილი ჩქარობს ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გაყინული ფინანსების ასანაზღაურებლად დამატებითი სახსრები მოიპოვოს. ცისკარიშვილის განცხადებით, საუბარია 700-800 მილიონ დოლარ შემოსავალზე.
პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ აქვთ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სალიცენზიო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არის უამრავლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ეკლესიები, რომელსაც "რმჯ გოლდი", სავარაუდოდ, გაანადგურებს.