დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღოს "დიდი ოცეულის" სამიტში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საკითხთა ოფისმა კრიტიკული განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობას გეგმავს "დიდი ოცეულის" სამიტში.
"რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღოს "დიდი ოცეულის" სამიტში, ვიდრე უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული", - ციტირებს ტელეარხი Sky News-ი საგარეო საკითხთა ოფისის სპიკერის სიტყვებს.
"ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინაში გაჩაღებული რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს სამიტის ფარგლებში. ამასთან, მივესალმებით გავრცელებულ ცნობას, რომ "დიდი ოცეულის" სამიტს შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს", - აცხადებს სპიკერი.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს.
"დიდი ოცეულის" (G20) ლიდერების სამიტი 15-16 ნოემბერს არის დაგეგმილი.
დასავლეთი სამიტში პუტინის მონაწილეობას პრობლემურად მიიჩნევს, რადგან კონფერენციაზე სხვათა შორის, მიწვეულია რუსეთის მიერ შეიარაღებული აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი პოლიტიკურად იზოლირებული უნდა იყოს უკრაინის ომის გამო და ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთ მონაწილეობას სამიტში, თუ იქ პუტინიც ჩავა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "თუ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება, მასში მონაწილეობა ზელენსკიმაც უნდა მიიღოს".