თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ხუთშაბათს ლვოვში პრეზიდენტ ზელენსკისა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის გადაწყვეტისთვის გზების ძიების ძალისხმებას, ვრჩებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარეს", - თქვა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ანკარა გააგრძელებს რუს კოლეგასთან და რუსულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის შედეგების განხილვას.
ლვოვში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ ვითარებას.
"ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო. არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სამხედრო ტყვეების გაცვლას და ამ კუთხით ინიციატივებს. "ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს ბატონ პუტინთან", - დასძინა მან.
"ჩვენი სამმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ ასევე შევაფასეთ [მარცვლეულის ესპორტის შესახებ] სტამბოლის შეთანხმებით შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს მუდმივ მშვიდობად გარდაქმნის შესაძლებლობები", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ამ შეთანხმებამ ყველასთვის მოიტანა სარგებელი, არა მხოლოდ უკრაინისთვის.
"არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ იგრძნო სტამბოლის ისტორიული შეთანხმების დადებითი ეფექტი", - თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ "ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება".
მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მსგავს დიპლომატიური ძალისხმევაზე.
ერდოღანის ლვოვში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თურქული მხარის მონაწილეობას უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში.