უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ კოორდინაციას მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებაზე.
ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის, ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების და ექიმების გათავისუფლების საკითხები.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას. აგრესორის ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება მოჰყვეს გლობალური კატასტროფული შედეგები. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან", - თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ლვოვში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ჩავიდა.
მოსალოდნელია უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სამმხრივი შეხვედრა.