გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს დარგი უკვე წლებია მავნებელთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, სახელმწიფო, ჩვენი ფერმერები, ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივად ვახორცილებთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რისთვისაც უკვე მრავალი წელია მობილიზებული გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ჩვენი მთავრი მიზანია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენ აუცილებლად გავალთ უკეთეს შედეგზე. მეთხილე ფერმერები გაცილებით ორგანიზებულები არიან, გაცილებით უკეთესი ბაღები გვაქვს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ეს წინსვლა უნდა გაგრძელდეს, რის შედეგად გვექნება კარგი ხარისხის მოსავალი, რაც აისახება ფასზე და ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე.“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,500 ლარია; ფერმერმა 50,000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.
სოფელ ნატანებში მინისტრთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებოდნენ.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ შორის, კაკლოვნები 8,455 ჰექტარზე; სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები 500 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, მათ შორის თხილი 68 ჰექტარზე. სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მილიონ ლარს აჭარბებს.