გერმანია ჯერ არ არის მზად, მხარი დაუჭიროს პალესტინის სახელმწიფოს სრულ აღიარებას და აგრძელებს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპის მხარდაჭერას. ამის შესახებ 16 აგვისტოს, ბერლინში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ.
ამავდროულად, შოლცმა უარყო აბასის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და გაერომ პალესტინის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარონ.
შოლცის თქმით, პალესტინის ადმინისტრაციას (PNA) ამჟამად დამკვირვებლის სტატუსი აქვს გაეროში და „ახლა არ არის დრო ამ სიტუაციის შეცვლის“.
ყველა შემდგომი ნაბიჯი, მისი თქმით, უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღება ისრაელთან მოლაპარაკებების დროს. თავის მხრივ, აბასმა ისრაელი დაადანაშაულა ამ პროცესის დიდი ხნის განმავლობაში ხელშეშლაში.
მაჰმუდ აბასმა პირობა დადობა, რომ გააგრძელებს მცდელობებს გაეროს მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მისაღწევად.
გარდა ამისა, მაჰმუდ აბასმა იმედგაცრუება გამოთქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, არ წარმოადგინა რაიმე ახალი ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მოსაგვარებლად.
„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით სიტყვებს, რომელსაც პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება“, - თქვა აბასმა.
2012 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა.