ესტონეთის აღმოსავლეთით, რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ნარვაში აიღეს საბჭოთა მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი.
ტანკის კვარცხლბეკიდან აღება 16 აგვისტოს დილით დაიწყო, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების კონტიგენტის თანხლებით.
საბჭოთა ტანკს ომის მუზეუმში, დედაქალაქ ტალინში გადაიტანენ.
ქალაქი ნარვა რუსეთის საზღვართან მდებარეობს და იქ მოსახლეობის 90% ეთნიკურად რუსია. მოსკოვი პროტესტით შეხვდა ესტონეთის გადაწყვეტილებას ტანკის აღების თაობაზე.
საბჭოთა ტანკის აღებას გამოეხმაურნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ.
"დღევანდელი გადაწყვეტილება გვეხმარება ყურადღების ფოკუსირებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - ესტონეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ესტონეთის მოქალაქეთა დახმარება უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისების გადალახვაში", - თქვა კაია კალასმა.
ურმას რეინსალუს თქმით, საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან "ისინი ჩვენს საზოგადოებაში განხეთილქებას თესავენ".
4 აგვისტოს, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა საჯარო სივრციდან ყველა საბჭოთა ძეგლის ამოღება, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 400-მდეა.
T-34 ტიპი ტანკი ნარვაში 1970 წლის 9 მაისს აღმართეს, ნიშნად საბჭოთა ჯარების მიერ 1944 წლის ივლისში მდინარე ნარვას გადაკვეთისა და ქალაქის ნაცისტებისგან განთავისუფლებისა.