ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, "რაც შეიძლება მალე" ამოიღოს ყველა საბჭოთა მემორიალური ძეგლი საჯარო სივრციდან. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, 4 აგვისტოს მიიღეს.
"მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საჯარო სივრციდან საოკუპაციო ძალების სიმბოლოების მემორიალური ძეგლების ამოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ესტონეთში ასეთი 200-დან 400-მდე ძეგლია. მთავარი გადაწყვეტილია - წითელი ძეგლები საჯარო სივრცდიდან უნდა მოიხსნას და ამას რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ", - თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კალასის განმარტებით, კონკრეტული დრო და გეგმის განხორციელება დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლებების მზადყოფნასა და ლოჯისტიკაზე, რადგან ძეგლები მათ მართვა-გამგეობაშია.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საბჭოთა ტანკის T-34-ს ძეგლის საკითხს, რომელიც ქალაქ ნარვაშია განთავსებული. ქალაქი ნარვა რუსეთის საზღვართან მდებარეობს და იქ მოსახლეობის 90% ეთნიკურად რუსია.
კაია კალასი არ გამორიცხავს, რომ ტანკის დემონტაჟმა საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს, რადგან ამას ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ეწინააღმდეგება.
"ამიტომ, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის განხორციელებაზე", - განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებიდან მალევე, ნარვაში ძეგლის ირგლივ ათეულობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის ცნობით, ისინი ჯერჯერობით მშვიდად არიან.
ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ "ტანკი ერთი თვის განმავლობაში უნდა მოიხსნას".
მან გაიხსენა 2007 წელს ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები, როდესაც აიღეს "ტალინის ფაშიზმისგან განმანთავისუფლებელი" ბრინჯაოს ჯარისკაცის ძეგლი. მაშინ არეულობას ერთი ადამიანი ესმხვერპლა.
რეინსალუს თქმით, თუ მთავრობა დაუშვებს ნარვაში ტანკის ძეგლის აღების გაჭიანურებას, მაშინ შესაძლოა, განმეორდეს 2007 წლის მოვლენები.