წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია, მუზეუმში ტურისტის მიერ დაზიანებულ ექსპონატთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს ოფიციალური განმარტება გავაკეთოთ წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
წინანდლის მუზეუმს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. ჩვენს მიერ მუზეუმის მართვის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში რაიმე მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
სამწუხაროდ, ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კერძოდ კი, მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი, უხერხულად მიეყრდნო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთახის დამცავ ბარიერს, წონასწორობა დაკარგა და დაეჯახა ოთახში მდგარ ვიტრინას, რის შედეგადაც დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო.
პირველადი დათვალიერების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მარაოს დაზიანებული მალები აღდგენას ექვემდებარება.
მუზეუმში მუდმივად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, შესაბამისად, აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირებულია მუზეუმის ვიდეოკამერების საშუალებით. ინციდენტის შემდეგ მუზეუმმა მიმართა კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. პროცედურით გათვალისწინებული ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ნივთი გადაეგზავნება რესტავრატორს და სულ მალე ანა ბაგრატიონის მარაო დაუბრუნდება საგამოფენო სივრცეს", - აცხადებს მუზეუმი.