"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რაც საწვავზე ფასებს, ლიტრზე დაახლოებით 20 თეთრით, შეამცირებს.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში დიზელიც, ბენზინიც ყველანაირი საწვავი კატასტროფულად გაძვირდა, მოუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ეცემა.
"ჩვენი ეროვნული ვალუტა სხვადასხვა მიზეზების გამო, გამყარდა, დაახლოებით 3.15-3.20-დან ჩამოვიდა – 1 დოლართან მიმართებაში – 2.70-მდე, საწვავი ფასი კი მაინც არ იაფდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ 2016-2017 წლებში „ოცნების“ ხელისუფლებამ გააორმაგა ბენზინზე აქციზის გადასახდელი. 2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს, ბენზინი იყო ორჯერ იაფი, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე აქციზის გადასახადი იყო 2,5-ჯერ იაფი. დღეს მაგალითად დიზელის ფასი, როდესაც ფიქსირდება 4,27-4 ლარი და 30 თეთრი დაახლოებით აქ ჩადებული არის 50%-მდე მარჟა, სინამდვილეში კი, ის ნორმალურად რომ მუშაობდეს და კარტერული შეთანხმება არ ჰქონდეს ბიზნესებსა და კონკრეტულ კომპანიებს, დიზელის საწვავი უნდა იყოს დაახლოებით 70-75 თეთრით იაფი, ანუ სადღაც 3,50-3,55-ის ფარგლებში. ამხელა მოგებაზე მუშაობენ, რადგან თავადაც დიდი მადა აქვთ ამ კომპანიებს და ასევე თანხები ყოველ ლიტრზე, გარკვეული – 15, 20, 25 თეთრი გააჩნია კომპანიას, შეთანხმებას, კლანს, ცხადია, უჩა მამაცაშვილის კლანი არის ამ საქმეში ყველაზე აქტიური, მიდის იქ. აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ბენზინი და დიზელი ასე ძვირი.
ჩვენი პარტიის ინიციატივაა, რომ აქციზის გადასახადის დაბრუნდეს 2017 წლამდე არსებულ ნიშნულზე, რაც მომენტალურად შეამცირებს საწვავის ფასს დაახლოებით 20 თეთრით ლიტრზე; ასევე ქვეყანაში შეიქმნას საწარმოო სიმძლავრეები ნავთობპროდუქტების გადასამუშავებლად, რაც საწვავის ფასს გააიაფებს 20-25 თეთრით; ასევე უნდა დაიშალოს მონოპოლიური და კოროფციული გარემო", - განაცხადა ცისკარიშვილმა.