დღეს, 3 დეკემბერს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მედიაგამჭვირვალეობის შესახებ უმრავლესობა და "ქრისტიან-დემოკრატები" საბოლოო პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მედიამაუწყებლის მფლობელების გამჭვივალეობასთან დაკავშირებით კანონპროექტიდან ოფშორში 10%-იანი წილის დარეგისტრირებაც იკრძალება, ხოლო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის ინფომაციით, აღნიშნულზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
"10 %-იანი წილის ოფშორიდან ამოღების საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო განცხადებას ვერ გავაკეთებ. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის სხდომაზე გვექნება მსჯელობა. ვფიქრობ, შეგვიძლია პოზიციები შევაჯეროთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, მედიაგამჭვირვალეობის საკითხთან ერთად კიდევ 17 საკითხის განხილვაა დაგეგმილი.